საავტომობილო გზების სატრანზიტო ქსელი საქართველოს გავლით
საქართველო მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო პირდაპირ უკავშირდება შავ ზღვას, კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს. მის გასწვრივ ისტორიული აბრეშუმის გზა მდებარეობს.

საქართველოზე გამავალი E-60 ავტომაგისტრალი (E-70 ავტომაგისტრალთან ერთად) ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებს აკავშირებს ერთმანეთთან (ბათუმი-ფოთი-თბილისი-წითელი ხიდი), ხოლო საერთაშორისო საავტომობილო გზების ქსელში ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს წარმოადგენს.

საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისა და საქართველოს შავი ზღვის პორტების ტვირთბრუნვის ინტენსივობის ზრდა ქვეყნის სატრანზიტო პერსპექტივების გათვალისწინებით და E-60 ავტომაგისტრალის მოდერნიზაციისა და მშენებლობის საკითხები სახელმწიფოს მთავრობისთვის სოციო-ეკონომიკური განვითარების კუთხით მთავარ პრიორიტეტებს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური და ადმინისტრაციული აქტივობების შედეგად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და საქართველოზე გამავალი უმოკლესი გზა (E-60) საერთაშორისო გადამზიდი კომპანიებისთვის გაცილებით მიმზიდველ ადგილად იქცა. ამ პერიოდის განმავლობაში E-60 ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია ოთხზოლიან ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად ზრდის ქვეყნის სატრანზიტო ქსელის კონკურენტუნარიანობას სხვა ალტერნატიულ სატრანზიტო გზებთან შედარებით. ავტომაგისტრალის სრულფასოვანი მოდერნიზაციის შემდეგ გაიზრდება ტვირთბრუნვის ინტენსივობა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტისა და ეკონომიკის ზრდის წინაპირობაა.

აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, 2006 წელს საქართველოს საგზაო მშენებლობების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო - E-60 ავტომაგისტრალის მშენებლობა და მოდერნიზაცია ჩქაროსნულ ავტომაგისტრალად. E-60 ავტომაგისტრალის მშენებლობა ძირითადად ხორციელდება ცემენტობეტონის საფარის დაგების ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით. სამშენებლო სამუშაოებში გამოყენებული პროდუქცია ძირითადად ადგილობრივი წარმოებისაა, რაც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

აბრეშუმის გზა წარმოადგენდა მთავარ ტრანსკავკასიურ სავაჭრო-საქარავნო გზას, რომელიც აკავშირებდა ჩინეთს შავ და ხმელთაშუა ზღვებთან. აღნიშნულ გზაზე ვაჭრობა ჩვ.წ.აღ.-მდე მე-2 საუკუნიდან დაიწყო. აბრეშუმი ვაჭრობის მთავარი საგანი იყო - ჩინეთიდან მაღალი ხარისხის აბრეშუმი რომსა და ბიზანტიაში ახლო აღმოსავლეთის ძირითადი ქვეყნების ხელშეწყობით გადიოდა ექსპორტზე. აბრეშუმის გზამ წაახალისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარება. „აბრეშუმის გზა“ თავისთავად არ გულისხმობდა მხოლოდ აბრეშუმით ვაჭრობას, თუმცა მისი სახელწოდება მომდინარეობდა ჩინეთის აბრეშუმის მომგებიანი ვაჭრობიდან. სწორედ ამ გზას გამოიყენებდნენ ჩინეთში ფუფუნების ნივთების გადასატანად, ზოგიერთი კულტურული მცენარის და რელიგიური და ფილოსოფიური დოქტრინების გასავრცელებლად.

VII-IX საუკუნეებში ამ გზაზე საქონლით ვაჭრობას არაბული ხალიფატი აკონტროლებდა. შემდეგ მონოპოლია მონღოლებმა მოიპოვეს. აბრეშუმის გზამ თავისი მნიშვნელობა გვიან XVII საუკუნეში დაკარგა, როდესაც ევროპელები საბოლოოდ დაეუფლნენ ოკეანის მარშრუტს აფრიკის გავლით. როგორც ცნობილია, საქართველოს დედაქალაქი ჩვ.წ.აღ.-მდე მე-4 საუკუნეში მცხეთა იყო. ამ დროისთვის ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბერძნეთის კულტურა ირანის უკიდურესად განვითარებულ კულტურას შეერწყა. აბრეშუმის გზას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სხვადასხვა საქონელი, საიუველირო ნაწარმი, ხელოვნების ნიმუში, სხვადასხვა ფორმებში გამოხატული კულტურა ამ გზის გავლით გადაჰქონდათ. გარდა ვაჭრობისა და საქონლის გაცვლისა, მას სამხედრო გზის დანიშნულებაც გააჩნდა. ამგვარად, აბრეშუმის გზის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ორი ძირითადი - აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურების გაერთიანებისთვის.

მთავარ პრიორიტეტებს, რომელთა საფუძველზეც კონკრეტული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა ხორციელდება, საქართველოს გზების განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნიათ. ეს პრიორიტეტებია: სატრანზიტო გადაზიდვების პოტენციალის მკვეთრი ზრდა, რაც E-60 და E-70 დერეფნების ოთხზოლიან ავტომაგისტრალებად მოდერნიზაციის შედეგია. გადაზიდვების ბრუნვისა და რეგიონში ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარება წარმოშობს გაზრდილ მოთხოვნას სატრანზიტო საქონელზე შავი ზღვის პორტებიდან (ბათუმი, ფოთი, ანაკლია მომავალში) მეზობელ ქვეყნებში, ისევე როგორც ცენტრალური აზიისა და ჩინეთის მიმართულებით. აღნიშნული დერეფნების ალტერნატივებს E-40 და E-50 დერეფნები წარმოადგენენ, რომლებიც კვეთენ უკრაინა-რუსეთი-ყაზახეთის ტერიტორიებს და E-80 დერეფანი, რომელიც გადის საბერძნეთი-თურქეთი-ირანის ტერიტორიებზე. დღევანდელ ეპოქაში, რომელიც ხასიათდება ევროპასა და აზიაში ახალი სატრანზიტო დერეფნების წარმოშობით, ქართული სახელმწიფო ასევე დგას გარკვეული გამოწვევების წინაშე და ისინი მოითხოვენ სწრაფ რეაგირებას. კერძოდ, 2020 წლამდე აუცილებელია საქართველოში სატრანზიტო გადაზიდვებისთვის მიმზიდველი საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნა.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, ეს მოიცავს საზღვაო პორტებს, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებსა და რკინიგზის კომპლექსურ და შეუფერხებელ ფუნქციონირებას. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული სახელმწიფო და საზოგადოებრივი სამშენებლო ობიექტების დასრულების შემდეგ საქართველომ მიიღოს სარგებელი მთელი რიგი დადებითი შედეგებისგან. კერძოდ, მკვეთრად გაიზრდება გადაზიდვების ინტენსივობა; მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გადაზიდვების უსაფრთხოების სტანდარტები; გაორმაგდება საგზაო გამტარუნარიანობა და მოძრაობის სიხშირე, რაც თავის მხრივ შეამცირებს სამგზავრო დროს; გაიზრდება E-60 და E-70 სატრანზიტო დერეფნების კონკურენტუნარიანობა ჩრდილოეთ და სამხრეთ დერეფნებთან შედარებით; მკვეთრად გაიზრდება ტვირთბრუნვის მოცულობა შავი ზღვის პორტებიდან და ევროპიდან სამხრეთ აზიისა და ჩინეთისკენ და პირიქით მიმავალი სატრანსპორტო მარშრუტები. ზემოხსენებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნათელი ხდება თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარკვეული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ობიექტების სწორი მშენებლობა ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის ეკონომიკური განვითარების კუთხით.

SHARE